კოტე კალანდაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

2 დეკემბერი 2025

არავინ არ ჩანს

კოტე კალანდაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

 

5 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, კოტე კალანდაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - “არავინ არ ჩანს” ეროვნული პრემიერა გაიმართება.

პარასკევი, 5 დეკემბერი - 19:00 ფილმის ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან; დარბაზი III;

შაბათი, 6 დეკემბერი - 16:00 ფილმის ჩვენება და შეხვედრა რეჟისორთან; დარბაზი IV.


ინფორმაცია: 75 წთ. / ფერადი / საქართველო, საფრანგეთი / ქართული / ინგლისური სუბტიტრებით

მწარმოებელი კომპანია: პარაშუტ ფილმსი / კო-პროდიუსერი კომპანია: ვიად ფორდაქეშენს

ფილმის პრემიერის მხარდამჭერია ფსიქიკური ჯანმრთელობის ციფრული პლატფორმა ინერი.



ლოგლაინი

აჩიკო უკვე 10 წელია რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაშია, რაც მას ყოველდღიურ რუტინას სთავაზობს, მაგრამ გამოჯანმრთელების იმედს არ უტოვებს. გაუსაძლისი მარტოობისა და ნარკოდამოკიდებულების მიუხედავად, აჩიკო ისევ სრულფასოვან ცხოვრებაზე ოცნებობს.


სინოფსისი

42 წლის აჩიკო თბილისის გარეუბანში მარტო ცხოვრობს და უკვე 10 წელია რაც თავის ძმასთან, გოგასთან ერთად, სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაშია ჩართული. ეს სისტემა მას ყოველდღიურ რუტინას სთავაზობს, მაგრამ გამოჯანმრთელების იმედს არ უტოვებს. აჩიკო თავისებურად ცდილობს გაუმკლავდეს ყოფით სირთულეებს და გაუსაძლის მარტოობას, მისი მთავარი გულშემატკივარი კი 8 წლის ძმისშვილი ელენეა. აჩიკოსთვის ფეხზე დადგომის ყოველი მცდელობა, იქნება ეს სოციალური დახმარების მიღება თუ სამსახურის პოვნა, მარცხით სრულდება, თუმცა ის მაინც არ ნებდება. უკრაინაში ომი მძვინვარებს, საქართველო გზაგასაყარზეა, აჩიკოს კი ფიქრობს, შესაძლებელია კი, რომ მისი ცხოვრება მართლაც შეიცვალოს?!


რეჟისორის კომენტარი

ფილმის მთავარი გმირი, აჩიკო, ჩემი ბავშვობის მეგობარია, 90-იანი წლების. ერთად გავიზარდეთ. სადაც ქუჩის თავგადასავლები, შატალო და გარჩევები ჩვენი ყოველდღიურობა იყო, მაგრამ ამის მიღმა ერთი საერთო ინტერესი - მუსიკა გვაერთიანებდა. აჩიკო ყოველთვის გულისხმიერებით და სამართლიანობით გამოირჩეოდა. როგორც ბევრმა ჩვენგანმა ნარკოტიკი მანაც ადრეულ ასაკში გასინჯა, 2000-იან წლებში საზღვარგარეთ წავიდა და წლების შემდეგ მძიმე დამოკიდებულბით დაბრუნდა. ბოლო 10 წელია აჩიკო, თავის ძმასთან, გოგასთან ერთად, სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მონაწილეა — მისი ცხოვრება კი ყოველდღიური რუტინის ციკლად იქცა: კლინიკა, დოზა, მარტოობა, კედლები, სიგარეტი, გათენება... და ყველაფერი თავიდან. რამდენიმე წლის წინ, შეხვედრისას აჩიკომ გამიზიარა, რომ ძალიან უნდოდა არა მხოლოდ დამოკიდებულების დაძლევა, არამედ საზოგადოების სრულფასოვან წევრად დაბრუნება. სწორედ მისი ეს სურვილი გახდა ჩვენი საერთო ფილმის შექმნის წინაპირობა. 


გადამღები ჯგუფი

მონაწილეობენ: არჩილ სამხარაძე, გოგა სამხარაძე, ელენე სამხარაძე, დემეტრე სამხარაძე
რეჟისორი და სცენარის ავტორი: კოტე კალანდაძე
სცენარის ავტორი: კოტე კალანდაძე
პროდიუსერი: ელენე მარგველაშვილი
კო-პროდიუსერები: ბატისტ ბრუნერი
საპროდიუსერო კომპანია: პარაშუტ ფილმსი
კო-პროდიუსერი კომპანიები: ვაიფ ფროდაქშენს
ფერების კორექცია: ნოდარ ნოზაძე
ფინანსური მხარდაჭერა: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აურა რეგიონი (საფრანგეთი)


რეჟისორის ბიოფილმოგრაფია

კოტე კალანდაძე ქართველი მუსიკოსი, რეჟისორი და პროდიუსერია, რომელმაც ალტერნატიული მუსიკის სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა როგორც ჯგუფების Nebo SSSR და Lady Heroine ფრონტმენმა. რეჟისურამდე კინოში მუშაობის მრავალფეროვანი გამოციდლება აქვს როგორც მსახიობს, ხმის რეჟისორს და კომპოზიტორს. 2014 წელს დააფუძნა კომპანია პარაშუტ ფილმსი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ახალ ქართულ კინოს წარმოაჩენს. კოტეს წარმატებულ ფილმებს შორისაა მხატვრული ფილმი “დრამერი” (2022), და კეკო ჭელიძის დოკუმენტური ფილმი “მკვდარი სულების არდადეგები” (2020), რომლის თანაავტორი და პროდიუსერიც იყო.

რეჟისორი
2022 — დრამერი — 85’ მხატვრული (Univercine IFF Nantes)
2016 — ძარლზე უკეთესი — 27’ დოკუმენტური (CineDOC Tbilisi)

პროდიუსერი
2020 — მკვდარი სულების არდადეგები — 67’ დოკუმენტური (Hot Docs IFF)


PARACHUTE FILMS / საპროდიუსერო კომპანია პარაშუტ ფილმსი

“პარაშუტ ფილმსი” ქართული საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც პროდიუსერმა ელენე მარგველაშვილმა და რეჟისორმა კოტე კალანდაძემ დააფუძნეს. უკვე 10 წელია, რაც “პარაშუტ ფილმსის” გუნდი წარმატებულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს ქმნის ქართული და საერთაშორისო აუდიტორიისთვის, მათ შორის, კო-პროდუქციის გზით. “ჩვენთვის, ამბის მამოძრავებელი ძალა ავტორია, სწორედ ამიტომ, ხშირად ვმუშაობთ განსაკუთრებული ხედვის დამწყებ რეჟისორებთან და მაყურებლამდე ახალი პერსპექტივით დანახული ამბები მიგვაქვს.” კომპანიის წარმატებულ ფილმებს შორისაა: კეკო ჭელიძის “მკვდარი სულების არდადეგები” (Hot Docs IFF, 2020), კოტე კალანდაძის “დრამერი” (Univrecine Nantes IFF, 2022), ელენე მიქაბერიძის “ლურჯი მოცვი” (CPH:DOX, 2024) და ირინე ჟორდანიას “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია” (POFF Tallinn, 2024). პარაშუტ ფილმსი ყოველწლიურად წარადგენს საქართველოს წამყვან საერთაშორისო კინოფესტივალბსა თუ ინდუსტრიულ ღონისძიებებზე, როგორებიცაა European Film Market - Berlinale IFF, Marche du Film - Cannes IFF, Cinemart - Rotterdam IFF, When East Meets West - Trieste IFF.

parashutki@gmail.com
info@inner.ge